პრეს-რელიზი
23 ივლისი, 2002 წელი
(English, Russian)
საქართველოს წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში ოცდაათი ახალი საქმეა შეტანილი
სტრასბურგი, საფრანგეთი — დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში სულ 30 სარჩელი შეიტანა საქართველოში რელიგიური ექსტრემისტების, მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისა და პოლიციის თავდასხმებისას დაზარალებულმა 99 პიროვნებამ. ოცდაათივე საქმე გაერთიანებულ იქნა ერთ საჩივარში, რომელიც ააშკარავებს საქართველოს მთავრობის გამუდმებულ უარს, დასაჯოს თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები.
სასამართლოში ასევე შეტანილ იქნა შუამდგომლობა ამ ოცდაათი საქმის იმ ორ საქმესთან გაერთიანებისათვის, რომლებიც იეჰოვას მოწმეების მიერ ადრე იქნა შეტანილი. ეს საშუალებას მისცემს ევროპის სასამართლოს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ევროპის კონვენციის დარღვევებზე. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ევროპის სასამართლოს წარმოებაში 32 საქმე აღმოჩნდება, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაშია შეტანილი და რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის „დაუსჯელობის პრაქტიკას“ შეეხება. ამ ძალადობას საქართველოს მთავრობა უშვებს.
ამ ოცდაათი საქმიდან ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იეჰოვას მოწმეების კონგრესზე თავდასხმას შეეხება. კონგრესი ტარდებოდა დასავლეთ საქართველოში, ქ. ზუგდიდში, 2000 წლის 8 სექტემბერს. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინა საბუთი, სახელწოდებით: «გეგმა სარწმუნოებრივი მიმდევრობა „იეღოვას“ კონგრესის ზუგდიდში შესაძლო ჩატარების აღსაკვეთად ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შესახებ», რომელიც დამტკიცებული და ხელმოწერილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინიანი მოხელეების მიერ. აღნიშნული საბუთი, იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი კონგრესის ჩაშლის მიზნით, მთავრობის მიერ პოლიციის 100 თანამშრომლის მობილიზების გეგმას შეიცავს.
ოცდაათივე საქმესთან დაკავშირებით ხელთარსებული აშკარა მტკიცებულებების, მათ შორის, თვითმხილველთა ჩვენებების, ფოტოსურათებისა და ვიდეომასალების მიუხედავად, პროკურატურას სისხლის სამართლის ერთი საქმეც კი არ აღუძრავს. დაიწყო მრავალი „ფორმალური გამოძიება“, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გამომძიებლები უარს აცხადებდნენ დაზარალებულთათვის უარყოფითი დადგენილებების ასლების გადაცემაზე, მათი გასაჩივრების აღკვეთის მიზნით. ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა არც კი დაწყებულა, რადგან პოლიციის უფროსმა, როგორც მან თავად განაცხადა, მიღებისთანავე დახია და გაანადგურა საჩივრები. აღნიშნული საჩივრიდან ზოგიერთი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. თუმცაღა, ყველა მსგავსი საქმისას, უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურას და არ გახადა შესაძლებელი ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო გამოძიება.
„ევროპის სასამართლოში ახლა 32 საქმე გვაქვს, რომელ საქმეებთან დაკავშირებითაც დაზარალებულებს აღარ აქვთ შესაძლებლობა შიდა სახელმწიფო საშუალებების მხრიდან წარმატებული დაცვისა, — განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა, განმცხადებელ ადვოკატთაგან ერთ-ერთმა. — ჩვენ კიდევ 500-მდე განცხადება გვაქვს პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში. თუ სახელმწიფო არ დაიწყებს სისხლისამართლებრივი დევნის მიზნით ზომების მიღებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელთა მიმართ, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა, მაშინ შესაძლოა ამ საჩივრების ევროპის სასამართლოსთვის წარდგენა გახდეს საჭირო.“
კონტაქტები საქართველოში: ტელეფონი +995 (32) 76-23-59; ფაქსი +995 (32) 76-95-98
თავდასხმების ვიდეო მასალა და დაზარალებულთა ფოტოსურათები მსურველთათვის ხელმისაწვდომია
