პრეს-რელიზი
2 ოქტომბერი, 2002 წელი
(English)
თავდასხმები ვერც აშშ-ის კომისიის სხდომამ შეაჩერა
გასულ კვირას, აშშ-ის კომისიის სხდომის კვალდაკვალ, საქართველოში იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის კიდევ სამი ფაქტი დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე მსგავსი ქმედებები ბარბაროსობად იქნა შეფასებული.
პირველი თავდასხმა სხდომის ჩატარებიდან მეორე დღესვე განხორციელდა. სხდომის თემა იყო: „საქართველოს რესპუბლიკა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება“. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებულ თავდასხმებზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ, კრისტოფერ სმითმა, განაცხადა: „ასეთი ბარბაროსობისადმი სახელმწიფოს ტოლერანტობას გამართლებას ვერ მოუძებნი!“.
ქვემოთ მოყვანილია ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტები:
25 სექტემბერს, ნაშუადღევს, 15 ექსტრემისტი, ქ. რუსთავის ულტრა-მართლმადიდებლური ორგანიზაცია „ჯვრის“ წევრები, პაატა ბლუაშვილის ხელმძღვანელობით, ძალით შეიჭრნენ კერძო ბინაში, სადაც იეჰოვას 20-მდე მოწმე და მათი სტუმრები (ისინი არ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს) ბიბლიის შესასწავლად იყვნენ შეკრებილი. იეჰოვას ორ მოწმესა და მათ ერთ სტუმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
26 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცების ბრბო შეიჭრა კერძო ბინაში, სადაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. დამსწრეებს შეურაცხყოფა მიაყენეს, სახლი კი გაძარცვეს. ლიტერატურა გაანადგურეს და პირადი ნივთები დაიტაცეს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, თავდასხმას სოფლის გამგებელი ნოდარ ფარადაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი დაზარალებული ისე სცემეს, რომ გონება დაკარგა. ბლუაშვილი და ფარადაშვილი, რომლებიც არაერთი თავდასხმის ხელმძღვანელები ყოფილან, დაზარალებულებმა ამოიცნეს.
29 სექტემბერს თბილისში, დიღმის რაიონში, შენობასთან, სადაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლად უნდა შეკრებილიყვნენ, ბრბომ მოიყარა თავი. შეხვედრაზე მიმავალი ხალხი შენობაში არ შეუშვეს, წაართვეს ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მათგანი ვერც ფიზიკურ შეურაცხყოფას გადაურჩა. სამივე შემთხვევაში, პოლიციამ როგორც კი შეიტყო, რომ თავდასხმა იეჰოვას მოწმეებზე ხორციელდებოდა, დახმარებაზე უარი განაცხადა.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 (32) 76-23-59
ფაქსი: +995 (32) 76-95-98
თავდასხმების ვიდეომასალა და დაზარალებულთა ფოტოსურათები მსურველთათვის ხელმისაწვდომია
