
პრეს-რელიზი
21 ნოემბერი 2002 წელი
(English)
ბრალდებული სასამართლო პროცესზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მოვიდა. ჟურნალისტს ბრბო სასამართლო დარბაზიდან აძევებს
თბილისი — დღეს, იეჰოვას მოწმეთა ადვოკატებმა შეიტანეს წერილი, რითაც მკაცრი პროტესტი გამოთქვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში უსაფრთხოების არ არსებობის გამო, სადაც მიმდინარეობს პროცესი ვ. მკალავიშვილისა და პ. ივანიძის წინააღმდეგ იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმების გამო. 18 ნოემბერს სასამართლო დარბაზში გამართულ პროცესზე თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პეტრე (გია) ივანიძე დაინახეს.
წერილის მოთხოვნის თანახმად 2002 წლის 6 დეკემბერს განახლებულ სასამართლო პროცესზე არავის უნდა მიეცეს უფლება სასამართლო დარბაზში თან იქონიოს იარაღი, პოლიციის თანამშრომლების გარდა. წერილის ასლი გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ ლადო ჭანტურიას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა მაღალ ჩინოსნებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს 2002 წლის 25 ოქტომბრიდან დაწყებულ ყველა პროცესზე სათანადო დაცვა სასამართლო შენობის გარეთ. მიუხედავად ამისა, როგორც განაცხადა გრეგორ ოლდსმა, ადვოკატმა იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოდან ნიუ-იორკში (რომელიც ესწრებოდა სასამართლოს ყველა სხდომას): „დაზარალებულთა უსაფრთხოებას სასამართლო დარბაზში უნდა მიენიჭოს უდიდესი პრიორიტეტი. დაუშვებელია, რომ პირს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მიცემულია პასუხისგებაში, უფლება მიეცეს შემოვიდეს სასამართლო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღით.“
უსაფრთხოების სათანადო ზომების არ არსებობის გარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში ჟურნალისტ სოზარ სუბელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შესვენების დროს მოპასუხე პ. ივანიძე და ვ. მკალავიშვილის სხვა მიმდევრები ყვირილითა და მუქარით მოითხოვდნენ, რომ ს. სუბელიანს დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი. დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ სასამართლოს პერსონალმა ბრბოს დასამშვიდებლად, ს. სუბელიანის სასამართლო დარბაზის დატოვება მოითხოვა.
ვ. მკალავიშვილის და პ. ივანიძის პროცესი უნიკალურია. ყველა დანარჩენ საქმეებში, მიუხედავად თვითმხილველთა ჩვენებებისა, ფოტოსურათებისა და დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ვიდეო ფირების წარდგენისა, საქართველოს პროკურატურამ უარი განაცხადა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაზე.
დღეისთვის, იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზარალებულებმა 784 საჩივარი შეიტანეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში. დღემდე არავინაა დაპატიმრებული ან დასჯილი.
საკონტაქტო ტელეფონი: +905 32 76 23 59
ფაქსი: +995 32 76 95 98
ვიდეო ფირი, რომელზეც აღბეჭდილია 2002 წლის 18 ნოემბერს შესვენების დროს, პ. ივანიძისა და ვ. მკალავიშვილის სხვა მიმდევრთა მუქარა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სოზარ სუბელიანის მიმართ, სასამართლო დარბაზის დატოვების მოთხოვნით, ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ.
|